logo
ENG



PACE "ხალხის ძალის" კანონპროექტზე: შეშფოთებას იწვევს დემოკრატიასთან თავსებადობის კუთხით

17 თებ 202311:20
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.

"ხალხის ძალის მიერ წარდგენილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მისი თავსებადობის კუთხით.

ჩვენ მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ფრაქციებს საქართველოში მარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რომელსაც დამტკიცების შემთხვევაში მსუსხავი ეფექტი ექნება", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც PACE-ს Twitter-ის გვერდზეა გამოქვეყნებული.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს "პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები".

მისი თქმით, სუბიექტების "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მათ, ვინც თავს აარიდებს რეგისტრაციას, "შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები" დაეკისრებათ. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. 

სახდეპის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ამ კანონპროექტმა საქართველოში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიაზე გავლენა იქონიოს.

მისივე თქმით, ხსენებულ საკითხზე წუხილი ქართულ მხარესთან ვაშინგტონმა უკვე გამოხატა.

 


close დახურვა